დასრულდა მე-12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. აღნიშნულ სკოლას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და წელს 129 წელი უსრულდება.
ქალაქ სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა საუკუნეზე მეტს ითვლის, 1894 წელს სამტრედიაში აშენებული საორთქმავლო დეპოს მუშა-მოსამსახურეთა შვილებისთვის გაიხსნა.
სკოლა ცუდ მდგომარეობაში იყო და მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება.
სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა 330 მოსწავლეზეა გათვლილი და სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
პროექტის მიხედვით, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია.
დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები, სკოლა სრულად ადაპტირდება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის, 330-მდე მოსწავლე უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში გააგრძელებს სწავლას.
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, პროექტის ღირებულება 3,9 მილიონი ლარია.