რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ სამტრედიაში 450 მოსწავლეზე გათვლილი №4 საჯარო სკოლის მშენებლობას ასრულებს.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ამ ეტაპზე შენობაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება. პარალელურად მიმდინარეობს გარე ინფრასტრუქტურის მოწყობა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასწავლო შენობაში მოეწყობა საკლასო ოთახები, ლაბორატორია, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი და ბიბლიოთეკა. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.














