საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ბახტაძესთან და სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან თინათინ ხარძიანთან ერთად, მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
პედაგოგებს პროფესიული საქმიანობისა და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
ლევან ღირსიაშვილმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისა და პროფესიისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.
პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ და მასწავლებლის პროფესიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მასწავლებლის ღვაწლის დაფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ პედაგოგები ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს მომავალი თაობების განათლებასა და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს მრავალწლიანი, თავდადებული შრომისა და პროფესიისადმი ერთგულებისთვის. მათი ცოდნა, გამოცდილება და დამოკიდებულება სამაგალითოა მომავალი თაობებისთვის“, — აღნიშნა დავით ბახტაძემ.
დაჯილდოების ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს. ინიციატივა პედაგოგთა მრავალწლიანი საქმიანობის დაფასებასა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურება.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველწლიურად 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.














