26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამტრედიაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.
მოსახლეობასა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ კულტურულ, სპორტულ და გასართობ აქტივობებს, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა, ხოლო დღის ბოლომდე მსურველებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებს.
„26 მაისი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული დღეა — დღე, რომელიც ჩვენს თავისუფლებას, ერთიანობასა და სახელმწიფოებრიობას გამოხატავს. მიხარია, რომ სამტრედიაში დამოუკიდებლობის დღე ასეთი მრავალფეროვანი და საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ მნიშვნელოვან თარიღს და თითოეულ მოქალაქეს მშვიდობას, ერთიანობასა და წარმატებას ვუსურვებ,“ — აღნიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.














